ადვოკატი ლალი აფციაური მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვლადიმერ ვახანიას უკანონო პატიმრობას აპროტესტებს, ამასთან აცხადებს, რომ ვახანიაზე მძიმე ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება და მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას გეგმავდა. ლალი აფციაურის განმარტებით, საქმე ეხება რუსეთში მოღვაწე ამავე ქვეყნის მოქალაქეს, ქართველ აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას. იგი წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა და ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა. 2008 წლის 12 ოქტომბრიდან იგი საქართველოში იმყოფება. გარკვეული დამსახურებების გამო მას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მას რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტები სრულიად გაურკვეველი მიზეზების გამო ჩამოართვეს, რის გამოც რუსეთში გამგზავრებას ვეღარ ახერხებდა. 2009 წლის 16 მარტს, გამთენიისას, ზუგდიდში, საკუთარ სახლში, სპეცსამსახურის თანამშროომლებმა ვლადიმერ ვახანია დააპატიმრეს. მას ბრალად ედებოდა გაზეთ ,,სამეგრელოს ქრონიკის” ჟურნალისტისთვის ლელა ხუბულავასთვის პროფესიული საქმიანობაში ხელის შეშლა, რასაც კატეგორიულად უარყობს თავად ვლადიმერ ვახანია. მისი და იხსენებს: ,,ჟურნალისტის ბრალდება, თითქოს ჩემმა ძმამ მას კასეტა წაართვა, სრულიად უსაფუძვლოა, რადგან ზუსტად ის ჩანაწერი, რაც კასეტაზე იყო, მომხდარის შემდეგ გაზეთში დაიბეჭდა.” ამას მისი სახლის გაჩხრეკის დროს აღმოჩენილი ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარების უკანონოდ შენახვის ბრალდებაც დაემატა. საბოლოოდ ვლადიმერ ვახანიას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პატიმრის ადვოკატი და მისი ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ ცეცლსასროლი იარაღები, მის სახლში სწორედ სამართალდამცავების მიერ იყო ჩადებული. ლალი აფციაურის განცხადებით, ვახანიაზე დაპატიმრების დღიდან მიმდინარეობს ფიზიკური ზეწოლა. ,,ვახანია უდანაშაულოა. იგი მხოლოდ განსხვავებული აზრისა და ინტერესების გამოხატვის გამო დააპატიმრეს. მას პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება ჰქონდა დაგეგმილი და საკმაოდ ბევრი თანამოაზრეც აღმოაჩნდა. ეს ახალაიების კლანისთვის მიუღებელი იყო. სწორედ მისმა დამქაშებმა განახორციელეს მასზე ძალადობა, რაც დღესაც გრძელდება.” – ამბობს ვლადიმერ ვახანიას ადვოკატი ლალი აფციაური. როგორც ცნობილია, ვლადიმერ ვახანიას სამეგრელოში ახალი პოლიტიკური პარტიის ,,მთლიანი საქართველოს” შექმნა ჰქონდა გადაწყვეტილი. მისი პარტიის დაფუძნებელი ყრილობაზე, 2009 წლის 11 მარტს, გაურკვეველი მიზეზების გამო არ მივიდნენ ნოტარიუსები, რომელთაც პარტიის არსებობა ოფიაციალურად უნდა დაედასტურებინათ და გარკვვეული დოკუმენტები გაეფორმებინათ. 5 დღის შემდეგ კი დააპატიმრეს. ლალი აფციაურის თქმით, ვახანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, იგი სასწრაფო მურნალობას საჭიროებს, თუმცა ამასთანავე აღნიშნავს, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მის ინიციატივას, პატიმარს ჩაუტარდეს გამოკვლევა, არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ..ჩვენ ვლადიმერ ვახანიას წამებისა და ზეწოლის არაერთი ფაქტი ვიხილეთ, გვინდა, რომ აღნიშნული რეპრესიების შესახებ ყველას ვაცნობოთ. ვითხოვთ, შეწყდეს ვლადიმერ ვახანიაზე რეპრესიების განხორციელება და მოჰყვეს შესაბამისი რეაქცია ამ ფაქტს ხელისუფლებისგან, რომელიც პასუხისმგებელია თითოეული ადამიანის სიცოცხლეზე.” –განაცხადა ადვოკატმა ლალი აფციაურმა.