საქართველოში ევროსაბჭოს ექსპერტი და დიაბეტის ცენტრის თავმჯდომარე - რამაზ ყურაშვილი საგანგაშო განცხადებას აკეთებს საქართველოში ე.წ. კარდეოლოგიური ავადმყოფების და იმ პრეპარატების შესახებ, რომლითაც შესაძლოა მათ დიდ ნაწილს “უმკურნალონ”
რამაზ ყურაშვილი - დიაბეტის ცენტრის თავმჯდომარე, ევროსაბჭოს ექსპერტი საქართველოში
- 480 ათასი ადამიანი საქართველოში კარდიოლოგიური ავადმყოფია. ამაში შედიან წნევიანები, შაქრიანი და უშაქრო დიაბეტიანები, ჰიპერტენიზიანები, კონკრეტულად გულის დაავადებებზე აღარ მაქვს საუბარი. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ კარდიოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში ჩატარებულიყო. იგი წინ უნდა წამძღვარებოდა მსოფლიოს კარდიოლოგთა კონგრესს რომელიც ჯერ მიუნჰენში, შემდეგ რომში ჩატარდა.
საქართველოში ეს კონფერენცია ვერ ჩატარდა. ომის გამო ჩაიშალა. სამწუხაროდ, რაც ხდებოდა ჯორბენაძის დროს, ის ხდება დღესაც. შეიძლება ითქვას, რომ იგივე იდეოლოგიაა. არადა, მედიცინა ისეთი რამეა, რომ ყოველ დღე ერთი ნაბიჯით წინ იწევს ანდა პირიქით, რაც გვეგონა წამალი, ხვალე შეიძლება შხამი აღმოჩნდეს. რეფერენტ-ლაბორატორიებში თითოეულ ასეთ კვლევაზე მილიონები იხარჯება. ჩვენ არ გვაქვს არც ასეთი ლაბორატორია, არც ამდენი ბიუჯეტი, ამიტომ, ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ _ მაქსიმალურად ვადევნოთ თვალი მსოფლიო კონგრესებს და მათზე გამოტანილ დებულებებს.
- დავუშვათ გავადევნეთ, მერე? ვინმე მიიღებს რაიმე ზომებს თუ ევროსაბჭოს დირექტივებს დაემორჩილებიან?
- გასაგებია, რომ დღეს ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურ პაკეტებზეა ორიენტირებული. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასიკვდილოდ გაწიროს 480 ათასი კარდიოლოგიური ავადმყოფი. იმიტომ, რომ კარდიოლოგიურ მკურნალობაში მსოფლიო უარს ამბობს იმ პრეპარატებზე, რასაც დღეს საქართველო იყენებს. ხვალ კი, არ არის გამორიცხული, ეს ”უარყოფილი” პრეპარატები ორჯერ მეტი რაოდენობით გამოიყენოს.
- რას გულისხმობთ?
- მსოფლიოში კარდიოლოგიური ავადმყოფების მკურნალობაში კურსი მთლიანად იცვლება. კერძოდ, რეფერენტ-ლაბორატორიებმა , კვლევისა და მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად დაადგინეს გულით და დიაბეტით ავადმყოფებზე, რომ პოლიფილები, რომლითაც საქართველოში ავადმყოფებს ძალიან აქტიურად მკურნალობდნენ - სიკვდილიანობას ზრდის.
- რას ნიშნავს, პოლიფილი?
- ეს ნიშნავს, როდესაც ერთ ტაბლეტში რამდენიმე წამალია. ფილი არის წამალი და პოლი რამდენიმე. ანუ ერთი აბი ანდა კაფსულა შეიცავს ორ, სამ ანდა ოთხ სხვადასხვა დასახელების და მოქმედების პრეპარატს. გარკვეული დროის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ისინი ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენდა კარდეოლგიური ავადმყოფების მკურნალობაში. მაგრამ, გვერდითი ეფექტები ამ პოლიფილებმა გამოყენებიდან სამი წლის შემდეგ გამოავლინა. კიდვე ერთი წლის შემდეგ ავადმყოფთა დაღუპვის ფაქტებმა იმრავლა. შესაბამისად დადგა საკითხი სწორედ მსოფლიოს კარდეოლოგთა კონგრესზე, რომ ეს პრეპარატები ამოღებული იქნას.
ფაქტობრივად, ეს იყო უმთავრესი თემა - მიდიოდა ამ პრეპარატების სასტიკი კრიტიკა. მოკლედ ვიტყვი, რომ საბოლოო ჯამში მათ ბევრად მეტი უარყოფითი მოაქვთ ადამიანისთვის, ვიდრე დადებითი. არადა, საქართველოში პოლიფილებით მკურნალობაზე დაახლოებით, 18% მოდის. საშიში კი ის არის, რომ მალე 88% გახდება.
- რატომ?
- დღევანდელ ჯანდაცვის სისტემაში ცოტამ თუ იცის რას იწვევს რეალურად პოლიფილები. ახლა საშიში ის არის, რომ ევროპის ქსელიდან ამოღებული ეს პროდუქცია საქართველოში შემოიყრება.
- ვინ აწარმოებს ამ პრეპარატებს?
- თითქმის ყველა ფარმაცევტული კომპანია, მაგრამ როგორც კი კონგრესის დებულება ევროპარლამენტში რატიფიცირებას გაივლის, შეწყვეტენ. დაუკვირდით, წარმოებას შეწყვეტენ, მაგრამ რაც ქსელში დარჩა, იმას არ ამოიღებენ. თუ ევროპის ქსელში არ გაიყიდება ეს პოლიფილები, უფროსწორედ მას აღარავინ იყიდის, სად წამოვა ამხელა პარტია. საქართველოში!
- ჩვენთან რამდენად პოპულარულია პოლიფილები?
- პოპულარულია ის, რასაც რეკლამირება უკეთდება. პოლიფილებს არ უკეთდება რეკლამირება. ეს სპეციფიური დანიშნულების პრეპარატებია, რომლებსაც ექიმი უნიშნავს წნევიან, გულ-სისლძარღვთა სისტემის დაავადების მქონე ავადმყოფს. ჩვენთან ყველაზე გავრცელებულია პოლიფილები, რომლებიც ორი წამლისგან შედგება. ამ დროს, ერთი კარგად მოქმედებს, მეორე ცუდად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. კარდიოლოგიური ავადმყოფი, ყველაზე მეტია მსოფლიოში და ეს არის ყველაზე ძვირადღირებული პრეპარატები.
- ანუ ევროპის ჯანდაცვის სისტემის წინაშე დგას საკითხი, რომ მსგავსი ტიპის ყველა პრეპარატი შეიცვალოს?
- დიახ. იმიტომ რომ ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში უკუმოვლენებია მოსალოდნელი, რომელიც მიღების შემდეგ გამოჩნდება. ერთი წამალი უნდა იყოს ერთ ტაბლეტში და არა რამდენიმე. რა თქმა უნდა ჯანდაცვის სამინისტრომ და საპარლამენტო კომიტეტმა არ გააკონტროლა.
”ფაქტი” პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს - ოთარ თოიძეს დაუკავშირდა:
_ თუკი ევროპარლამენტი რატიფიცირებას გაუკეთებს პოლიფილების ამოღებას, იგივეს რატიფიცირებას მოითხოვს ჩვენი კომიტეტიც. ყოველ შემთხვევაში, საკითხს დავაყენებთ. იმიტომ რომ გულით დაავადებულ ავადმყოფთა რაოდენობა საქართველოში ყველაზე მეტია.
ბარბარე ქევხიშვილი