
ნაიელ გრინი
დამამცირებელი მარცხი, რომელიც კვირას გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოქმედმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ განიცადა, აშშ-ს სტრატეგიული ინტერესებისთვის სერიოზული დარტყმა იყო. შეერთებული შტატები 2004 წელს ”ნარინჯისფერი რევოლუცი”-ის დროს მხარს უჭერდა იუშჩენკოს ხელისუფლებაში მოსვლას
ელექტორატმა იუშჩენკოს მიმართ უკმაყოფილება ღიად გამოხატა – მან ხმების მხოლოდ 5% მიიღო. 2004 წელს ის კორუფციასთან და ქვეყანაში ოლიგარქი მეწარმეების წინააღმდეგ ბრძოლაზე საუბრობდა, დღეს კი მისი მმართველობა ორივესთან ასოცირდება. ყველაზე მეტი ხმა ამჯერად ვიქტორ იანუკოვიჩმა მიიღო, ადამიანმა რომელიც იუშჩენკომ კენჭისყრის მესამე ტურში დაამარცხა. ახლა იანუკოვიჩი მეორე ტურში, ხმების 35%-ანი მხარდაჭერით გავიდა. მას ბრძოლა მეორე ადგილზე გასულ კანდიდატთან, პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოსთან ელის. კვირას გამართულ არჩევნებში ტიმოშენკოს ხმა ამომრჩევლების 25%-მა მისცა.
ის რომ არჩევნებში მონაწილეთა აქტივობა 2004 წლის პირველი რაუნდის 75%-თან შედარებით, 67%-მდე შემცირდა, ორივე კანდიდატის მიმართ ფართოდ გავრცელებულ ანტიპათიას ასახავს. დაახლოებით მილიონამდე ბიულეტენი გაფუჭდა ან ამომრჩეველმა ხმა ”ყველას წინააღმდეგ” მისცა. არჩევნების შედეგები ფაქტობრივად ასრულებს ვაშინგტონის მიერ დაფინანსებულ ”ნარინჯისფერ რევოლუცია”-ს. მისი მიზანი იყო რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ერთი ოლიგარქიული ჯგუფის, მეორე, ამერიკული იმპერიალიზმის მომხრეებისგან შემდგარი ჯგუფით ჩანაცვლება.
ეს ვაშინგტონის აგრესიული სტრატეგიის ერთ-ერთი ელემენტი იყო, რომლის ამოცანაც ყოფილი საბჭოთა კავშირისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული გავლენის შესუსტება გახლდათ. ასეთი შედეგის მიღწევა მთელი რიგი პრო-ამერიკული ”რეფორმატორული” მოძრაობებით იგეგმებოდა, ისეთებით როგორებიცაა 2000 წლის სერბეთის ”ბულდოზერების რევოლუცია”, 2003 წლის ქართული ”ვარდების რევოლუცია” და ბელორუსში რეჟიმის შეცვლის უშედეგო მცდელობები.
თითოეულ ამ ქვეყანაში აშშ-ს სახელწმიფო დეპარტამენტი და ამერიკის მთავრობასთან მჭიდროდ დაკავშირებული ორგანიზაციები, რომელთა შტაბ-ბინები ვაშინგტონში მდებარეობს, ოპოზიციურ ორგანიზაციებს ამზადებდნენ და აფინანსებდნენ, განსაკუთრებით სტუდენტურ ახალგაზრდობას. ეს ორგანიზაციები თავის მხრივ, თეთრი სახლის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატების კამპანიისთვის არჩევდნენ კადრებს – დიდწილად იმავე რეჟიმის ყოფილ ჩინოვნიკებს, რომელთა შეცვლაც იგეგმებოდა.
”ახალი ევროპის” შექმნის მცდელობა, როგორც მას აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა უწოდა, ანუ საბჭოთა კავშირის გავლენის ყოფილ სფეროში პრო-ამერიკული რეჟიმებისგან შემდგარი სისტემის შექმნა ახლო-აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში ვაშინგტონის მიერ წარმოებულ ომებს უკავშირდებოდა, რომელთა მიზანიც, თავის მხრივ კონკურენტებისთვის, პირველ რიგში კი რუსეთისთვის ენერგორესურსებზე და სატრანზიტო მარშრუტებზე კონტროლის წართმევა იყო.
იუშჩენკოს საყვარელი იდეა, რომელმაც უამრავი კვლევების მიხედვით, უკრაინელების დიდ უმრავლესობაში გაღიზიანება გამოიწვია, ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანება იყო. იგი ასევე მხარს უჭერდა ამერიკულ ომებს ერაყსა და ავღანეთში. 2008 წელს იუშჩენკომ ღიად მოიწონა აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი საქართველოს თავდასხმა პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტულ რეგიონზე სამხრეთ-ოსეთზე.
იუშჩენკოს პრეზიდენტობის დროს მოსახლეობის ცხოვრების დონე მკვეთრად გაუარესდა – გლობალურმა რეცესიამ უკრაინის ბევრი მოქალაქე უმუშევარი დატოვა, ბევრს ხელფასი შეუმცირეს. 2009 წელს უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 15%-ით შემცირდა, ქვეყნის ფინანსური სისტემა კოლაფსის პირას აღმოჩნდა, უცხოეთში მკვეთრად დაეცა მოთხოვნა მის მიერ წარმოებულ პროდუქტზე. ქვეყანა გაკოტრების ზღვარს მიუახლოვდა და იძულებული გახდა საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის გადაუდებელი კრედიტი ეთხოვა პირობებით, რომელთა თანახმადაც ეკონომიკური კრიზისის ფასი მშრომელებმა უნდა ზღონ.
ტიმოშენკო, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა, ”ნარინჯისფერი რევოლუცი”-ის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო, მაგრამ მალე იუშჩენკოსთან სასტიკ კონკურენციაში ჩაება. 2005 წელს იუშჩენკომ ის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლა. 2007 წელს, მათ კვლავ მიაღწეს საპარლამენტო შეთანხმებას, თუმცა კონფლიქტი მათ შორის გრძელდებოდა. ისინი ერთმანეთს კორუფციაში, ავტორიტარიზმსა და ღალატში ადანაშაულებდნენ.
იუშჩენკოს მმართველობის დროს, მოსკოვთან სერიოზულად გაფუჭდა ურთიერთობა. იანუკოვიჩიც და ტიმოშენკოც ამ კავშირების აღდგენის მომხრეები არიან. ეს უკრაინის მსხვილი ბიზნესის ინტერესებში შედის, რომელმაც რუსეთთან მჭიდრო კავშირები შეინარჩუნა, განსაკუთრებით ენერგეტიკულ სექტორში. ფაქტობრივად ორივე კანდიდატი უკრაინის ნატო-ში წევრობის წინააღმდეგია, თანაც, თუკი იანუკოვიჩი ამას ღიად ამბობს, ტიმოშენკოს თქმით, სამხედრო ალიანსის წევრობის თემა რეფერენდუმის საგანი უნდა გახდეს.
მოსკოვთან დაახლოვების მომხრეა მესამე ადგილზე გასული კანდიდატი სერგეი ტიგიბკოც, რომელმაც ხმების 13% დააგროვა. ის იანუკოვიჩის გარემოცვასთან ახლოსაა, თუმცა მას ტიმოშენკოს პოტენციურ მოკავშირედაც მიიჩნევენ. მეორე ტურში, რომელიც 7 თებერვალს ჩატარდება, ამ მულტიმილიონერმა შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს.
ტიმოშენკოც და იანუკოვიჩიც ევროკავშირთან, უკრაინის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან, დაახლოვებასაც უჭერენ მხარს. ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა გერმანია, საჯაროდ არ აცხადებდა, მაგრამ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგი იყო, რადგან ასეთ ნაბიჯს შეიძლება რუსეთთან მზარდი ეკონომიკური და სტრატეგიული ურთიერთობებისთვის შეეშალა ხელი.
ნატო-სთან და რუსეთთან დაკავშირებით ტიმოშენკოს და იანუკოვიჩის პროგრამების მსგავსება, მკვეთრად განსხვავდება 2004 წლის კამპანიისაგან. ”ნარინჯისფერი რევოლუცი”-ის დროს ტიმოშენკოს არაერთხელ მიუმართავს ანტი-რუსული რიტორიკისთვის, რითაც ის გათვლას ერთდროულად როგორც ვაშინგტონზე, ასევე უკრაინულ შოვინიზმზე აკეთებდა. იგივე მოსაზრებებს გამოხატავდა ის ამერიკულ ჟურნალ Foreign Affairs-ის 2007 წლის მაისი-ივნისის ნომერში გამოქვეყნებულ თავის სტატიაში, რომელშიც ის აშშ-ს და ევროკავშირს არწმუნებდა, სერიოზულად ეპასუხათ ”მუდმივი რუსული ექსპანსიონიზმისთვის”.
2008 წელს, რეგიონში ამერიკული იმპერიალიზმის პოზიციების შესუსტებისა და ასევე იმის ფონზე, რომ ვაშინგტონმა იუშჩენკოს მხარდაჭერა განაგრძო, ტიმოშენკომ მკვეთრად შეცვალა პოზიცია და მოსკოვთან მომრიგებლური მიდგომა არჩია.
მარცხმა, რომელიც 2008 წლის აგვისტოში საქართველომ რუსეთთან ომში განიცადა, უკრაინულ ელიტას ამერიკული იმპერიალიზმის შესაძლებლობის ზღვარი ანახა. რუსეთის მკაცრი სამხედრო პასუხი საქართველოს შეჭრაზე სამხრეთ-ოსეთში, იმის აშკარა სიგნალი გახდა, რომ რუსეთი პოსტ-საბჭოთა სივრცეში მისი ინტერესების დამკვიდრებას განაგრძობს, ისე რომ არ გაითვალისწინებს დახმარებას, რომელსაც შეერთებული შტატები თბილისს ან კიევს უწევს.
ბუშის ადმინისტრაციამ წასვლის წინ მთელი რიგი მებრძოლი ხასიათის განცხადებები გააკეთა, რომლებშიც ”რუსულ აგრესიას” გმობდა და საქართველოს სანაპიროსკენ ნატო-ს ძალების დანაყოფებიც გააგზავნა, რათა ხელი შეეშალა ქვეყანაში რუსული არმიის უფრო ღრმად შეჭრისთვის, თუმცა ახლახანს ცნობილი გახდა, რომ თეთრი სახლი რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებსაც გეგმავდა და მხოლოდ ბოლო წუთს გადაიფიქრა, საბოლოო ჯამში ვაშინგტონმა ვერაფერი გააკეთა მისი კლიენტი რეჟიმის კატასტროფული მარცხის და სეპარატისტულ რეგიონებზე, სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთზე კრემლის კონსტროლის თავიდან ასაცილებლად.
იუშჩენკოსგან განსხვავებით, რომელმაც ღიად დაუჭირა მხარი სააკაშვილს, ტიმოშენკომ არ დაგმო რუსეთის კონტრ-დარტყმა. მისი დუმილი უკრაინის პრო-დასავლურ ისტებლიშმენტში სულ უფრო მზარდ ეჭვებს ასახავდა იმის თაობაზე, აქვს კი აზრი ცალსახად ვაშინგტონის მხარეს დგომას მოსკოვთან ურთიერთობების გაფუჭების სანაცვლოდ.
ამისთვის ტიმოშენკო შემდეგ წელს დაჯილდოვდა, როდესაც კრემლმა ის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებზე მიიწვია და რამაც ბოლო მოუღო ქვეყნებს შორის ბუნებრივ გაზზე და მიწოდების ტარიფებზე სერიოზულ დავას, რასაც ცენტრალურ ევროპაში გაზით მომარაგებაში შეფერხებები მოჰყვებოდა.
გარდა ამისა, ტიმოშენკოს შეხედულებებზე მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმაც და ავღანეთსა და ერაყში გახანგრძლივებულმა სამხედრო კონფლიქტებმაც იმოქმედა, რაც ვაშინგტონის საერთაშორისო პოზიციების შემდგომ შესუსტებას ადასტურებს.
იანუკოვიჩი და ტიმოშენკო სასტიკ მოწინააღმდეგეებად რჩებიან, მათი საგარეო პოლიტიკური პროგრამების მსგავსების და იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, უკრაინის შიდა ეკონომიკური პოლიტიკა დიდწილად მაინც მსოფლიო სავალუტო ფონდის და ევროკავშირის მითითებებზე იქნება დამოკიდებული. ეს მათ კერძო ინტერესებსა და მათი ოლიგარქიული ჯგუფების ინტერესებს ასახავს. თუკი იანუკოვიჩი დონეცკის რეგიონის მეწარმეებს წარმოადგენს, რომლებიც 1990-იან წლებში ყოფილი საბჭოთა საწარმოების პრივატიზაციაზე გამდიდრდნენ, ტიმოშენკოს სახელმწიფოს მექანიზმების გამოყენება იმისთვის სურს, რომ ბევრ ამ საწარმოზე კონტროლი მათ საკუთარი მხარდამჭერებისა და ტრანს-ნაციონალური კორპორაციების სასარგებლოდ წაართვას, რომელთა შორის რუსული კომპანიებიც არიან.
საქმე დიდ ფსონებს ეხება და ორივე ბანაკი გაძლიერებულად ემზადება მოახლოებული ბრძოლისთვის, გზადაგზა კი ერთმანეთს არჩევნების გაყალბებისთვის მზადებაში ადანაშაულებენ. მიუხედავად იმისა, რომ როგორც უკრაინელმა, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებმა პირველი ტური დამაკმაყოფილებლად შეაფასეს, ტიმოშენკო კონკურენტს იმაში ადანაშაულებს, რომ იგი დონეცკში არჩევნების ფალსიფიკაციის ”საშინელ” სქემას ამზადებს. თავის მხრივ, იანუკოვიჩმაც მინიშნებით განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი, არჩევნების გაყალბების მიზნით კომისიის თავმჯდომარეზე გავლენის მოხდენას შეეცადა.
როგორც 2004 წელს, დღესაც არც ერთი მხარე დემოკრატიისადმი სერიოზული ერთგულებით არ გამოირჩევა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ სოციალურ უფსკრულზე, რომელიც უკრაინის ელიტას მოსახლეობის ფართო მასებისგან მიჯნავს.
