დღეს, ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოში პროექტის `საქართველოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაუმჯობესება ოჯახური ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლების დასახმარებლად~ პრეზენტაცია ჩატარდა, რომელიც ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის, (ძდექი) ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ესტონეთის ღია საზოგადოების ინსტიტუტთან ერთად განხორციელდა. პროექტი მიზნად ისახავს ესტონეთის გამოცდილების გაზიარებას ოჯახური ძალადობისგან დაცვის საკითხებში.
ესტონეთის რესპუბლიკის ელჩის ტომას ლუკის განცხადებით, პროექტი მეტად მნიშვნელოვანია და ესტონეთის საელჩო ამ პრობლემის შესწავლას მხარს უჭერს.
"პროქტის ერთ-ერთი მიმართულებაა საქართველოში ოჯახური ძალადობის კვლევა და მნიშვნელოვანია, როგორც პოლიციელთათვის, ასევე მედიკოსებისთვის. საქართველოში მიჩნეულია, რომ ფეხმძიმე და მელოგინე ქალები საყოველთაო ყურადღებით არიან გარემოცულნი, თუმცა სულ სხვაა კვლევის შედეგები, რომლის ფარგლებშიც 700-მდე გენეკოლოგი და 746 მელოგინე ქალი გამოიკითხა: კვლევის დროს ყურადღება მიექცა ძალადობას, რომელიც მიმართული იყო ფეხმძიმე ქალებზე. საქართველოში ამ ტიპის კვლევა პირველად ჩატარდა და მოიცავს პერიოდს 2008 წლის შემოდგომიდან 2009 წლის გაზაფხულამდე. გამოიკითხა 749 ფეხმძიმე ქალი, გამოკითხულთა უმრავლესობა 91 % ეთნიკურად ქართველია," _ აცხადებს ირის პეტაი ესტონეთის ღია საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელი.
მსოფლიოში და მათ შორის ესტონეთშიც ამგვარმა კვლევებმა აჩვენა რომ ფეხმძიმექალებზე ძალადობის მსხვერპნი, მხოლოდ დედები კი არა, მათი ჯერ კიდევ დაუბადებელი შევილებიც ხდებიან.
კვლევამ აჩვენა, რომ ფეხმძიმე ქალთა 77% კანონიერ ქორწინებაში იმყოფება, თავისუფალ ქორწინებაში კი ქალების 12 % ცხოვრობს. ხოლო მარტოხელა ქალები ან ქალები, რომლებსაც ყავთ კონკრეტული პატრნიორი - მხოლოდ 6%. ქალების 40 % ბავშვს ქორწინებიდან სამი წლის განმავლობაში აჩენს, ხოლო 87 % - ქორწინებიდან ათი წლის განმავლობაში.
საქართველოში, ყოველი მეოთხე ქალი სექსუალურ ცხოვრებას 18 წლის ასაკდან იწყებს, ყოველი მესამე 19-21 წლის ასაკში. ქალთა 35 %, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი არიან, მამაკაცთან კონტაქტი 18 წლამდე ქონდათ. მათ შორის, ყოველი მეხუთე 18 წლის ასაკამდე დედა ხდება. ქალთა 64 %, რომლებიც პატრნიორებთან ჰარმონიულად ცხოვრობენ, ამტკიცებენ, რომ სექსუალური ცხოვრება სიამოვნებას ანიჭებს, ამასვე ამტკიცებს ძალადობის მსხვერპლი ქალების მესამედიც. ქალების 16%, რომელთა პარტნიორებიც აგრესიულები არიან, ამტკიცებენ, რომ სექსუალური კონტაქტი მათ სიამოვნებას არ ანიჭებთ. ამას ამბობს იმ ქალთა სამი პროცენტი, რომლებიც ჰარმონიულად ცხოვრობენ პარტნიორებთან.
კვლევამ აჩვენა, რომ ქალები, რომლებიც განიცდიან ძალადობას ხშირად ებადებათ გოგონები (4%), ხოლო ისინი, ვინც ჰარმონიულად ცხოვრობენ თავიანთ პარტნიორებთან ნაკლებად (1%). ძალადობის მსხვერპლ ქალებს ხშირად სურთ, რომ გოგონები დაბადონ, ციფრებით ეს ასე გამოისახება 51 %-ს სურს გოგონა დაბადოს, ხოლო 23 % წინააღმდეგია.
იმ მამაკაცთა ნახევარი, რომლებიც მიდრეკილნი არიან ძალადობისკენ, დადებითად ეპყრობიან ფეხმძიმე ცოლებს/პარტნიორებს. სწორედ ისე, როგორც ჰარმონიულ ოჯახებში ხდება ხოლმე. ყოველი მეხუთე ქალი, რომელიც ცხოვრობს ძალადობრივ ატმოსფეროში, აღარ სურს შვილის გაჩენა, იმავე აზრზეა ქალების 15 %, რომლებსაც ჰარმონიული თანაცხოვრება აქვს
საქართველოში, ქალები, რომლებიც ოჯახებში ძალადობის მსხვერპლნი არიან ფინანსურად დამოუკიდებელნი არ არიან, ჰარმონიულ ოჯახებში მატერიალურად დამოუკიდებელი - ყოველი მეხუთე ქალია.
იმ ქალთა 87%, რომელიც ჰარმონიულად ცხოვრობენ მეუღლეებთან, იმედოვნებენ, რომ მათი ქმრები დაეხმარებიან ჩვილი ბავშვის აღზრდაში, (90 % დარწმუნებულია, რომ მამები შვილების აღზრდაში მათი სრულწლოვანების ასაკამდე მიიღებენ მონაწილეობას) ოჯახებში, სადაც ძალადობაა ამის იმედი არ აქვთ (60%). მეტიც, მათ არ სჯერათ, რომ ბავშვის მამა დახმარებას გაუწევს ჩვილის გაზრდაში. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ძალადობისკენ მიდრეკილი მამაკაცები ვერ იქნებიან კარგი მამები.
"პრობლემა ისაა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის რა არის ოჯახური ძალადობა, ჩვენ უკვე შეგვიძლია ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ არსებობს ასეთი პრობლემა," _ ამბობს ნატო შავლაყაძე ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის ხელმძღვანელი.
სტატისტიკა კი საგანგაშოა:
გამოკითხვის თანახმად, ოჯახების 22%, სადაც ძალადობას აქვს ადგილი, ყოველ კვირას ჩხუბობენ, 36% კი თვეში რამდენჯერმე. ქალების 12% აღიარებს, რომ კამათი პერმანენტულად, ან ხშირად გადადის ფიზიკურ ძალადობაზე. ქალთა 36%, რომლებიც ახლაც ძალადობის მსხვერპლად ითვლებიან, აღიარებენ, რომ მათი ყოფილი პარტნიორებიც ფიზიკურად ძალადობდნენ მათზე.
ქალთა 43% აღიარებს, რომ ქმარმა მასზე ძალადობა მასშემდეგ დაიწყო, რაც მისი ფეხმძიმობის ამბავი გაიგო.
ქალთა 10%-მა განაცხადა, რომ ძალადობის გამო, მათ ორსულობა შეუწყდათ. 7%-მა მიიღო სიცოცხლისთვის საშიში ტრამვა. ძალადობისკენ მიდრეკილი კაცების 13% არა მხოლოდ ცოლზე, შვილზეც ძალადობს.
ძალადობის მსხვერპლი ქალების 27% აღიარებს, რომ ეშინიათ თავიანთი პარტნიორების. ქალთა 14 პროცეტს სამშობიაროდან ეშიანია ახალდაბადებულთა ერთად შინ დაბრუნება, რადგან გრძნობენ, რომ მათ სიცოცხლესთან ერთად, ჩვილის სიცოცხლეც, შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს.
როგორ მოქმედებს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა ქალებზე
"სამწუხაროდ, კვლევამ აჩვენა, რომ ძალადობა ქალებზე სწორედ მათი ფეხმძიმობის დაწყების შემდეგ ხდება," _ ამბობს ჰალვე კასე, ესტონეთის რესპუბლიკის ღია საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელი.
ქალები, რომლებიც ცხოვრობენ ძალადობის ქვეშ, ფეხმძიმობამდე ეწეოდნენ დღეში 1-2 კოლოფ სიგარეტს, იმ ქალებში, რომლებიც ძალადობას არ განიცდიან გაცილებით სტაბილური სიტუაციაა, მწეველები მათ შორის ორჯელ ნაკლებია.
ძალადობის მსხვერპლ ქალთა 7% და ჰარმონიულ ოჯახში მცხოვრებ ქალთა 4% ფეხმძიმობის დროსაც აგრძელებდნენ სიგარეტის მოწევას.
ქალთა 36% ძალადობის შიშით ქრონიკულ სტრესის ქვეშ იმყოფება, უმრავლესობას რეგულარულად აწუხებს უძილობა. ყოველი მეოთხე სისუსტესა და დაღლილობას უჩივის. ყოველი მეხუთე კი ნერვიული და გაღიზიანებულია. 14 %-ს თან სდევს შიში და პანიკის შეტევა. 5%-მა კი ვენერიული დაავადებები გადაიტანა.
საერთაშორისო გამოკვლევებით, ცნობილია, რომ დედის ნეგატიური ემოციები, ნაყოფის, როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე მოქმედებს. ეს კვლევაც იმის დასტურია, რომ ქალებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან, ებადებათ უფრო სუსტი და ნაკლებ წონიანი ბავშვები, ვიდრე მათი, ვისი ფეხმძიმობაც კომფორტულად და სტაბილურად მიმდინარეობს.
ისეთი ემოციები, როგორიცაა თვითდაჯერებულობა, დამოუკიდებლობის შეგრძნება, წარმატება, პასუხისმგებლობა - დედებს აძლევთ ძალას და ასევე მოქმედებს ეს მათ ნაყოფზეც. ასევე მოქმედებს შიში, დაძაბულობა, დანაშაულის შეგრძნება, უსუსურობა - ანელებს ბავშვის განვითარებას.
გამოკითხვამ გამოავლინა საინტერესო ფაქტი: ძალადობის მსხვერპლ ქალებს ნაკლებად ეშინიათ მშობიარობის, ვიდრე მათ ვინც კომფორტულ გარემოში ცხოვრობს. როგორც ჩანს, ცხოვრებაში გამუდმებულმა სტრესებმა ისინი გააკაჟეს და სათანადოდაც უმკლავდებიან მას.
მათ ხომ გარკვეული გამოცდილება აქვთ დაგროვილი ფიზიკური ტკივილის გადატანის თვალსაზრით. თუმცა ისინი უფრო მეტად საჭიროებენ ახლობლებისგან ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. მსხვერპლთა დახლოებით 40%-ს სურს, რომ ვისაც მშობიარობის დროს, მხარი დაუჭირონ იმ ადამიანებმა, ვისაც ენდობიან.
ახლობლებისგან მორალურ მხარდაჭერას ღებულობდა ყოველი მეოთხე ქალი. იმის მიუხედავად, რომ მსხვერპლი ქალები მშობიარობის დროს, ოჯახიდან იშვიათად ღებულობდნენ მხარდაჭერას, მათ მშობიარობას სხვა ახლობლები ესწრებოდნენ, ესენი იყვნენ მეგობრები, კოლეგები, და ა.შ. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ისინი ოჯახის წევრებზე მეტად - სხვებს ენდონიან.
ძალადობის მსხვერპლ ქალების ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას ექიმები გაცილებით ცუდად აფასებენ, ვიდრე უზრუნველყოფილი ქალებისას. ასეთივე სურათია მათ პატარებთანაც, რადგან დედის ფიზიკური მდგომარეობა პატარაზეც მოქმედებს და მის განვითარებაზეც აისახება.
ოლიკო ცისკარიშვილი