ნოღაიდელის პარტია ხელისუფლებას აქტივისტების დაშინებაში ადანაშაულებს
|
|
2010 წლის 08 02, ორშაბათი - 14:04
|
მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაცია მუნიციპალიტეტის გამგეობის და კუდ-ის კახეთის სამმართველოს წარმომადგენლებს პარტიის აქტივისტების დაშინებაში ადანაშაულებს.
„სოფელ მელაანის გამგებელმა ირომაშვილმა ჩვენს აქტივისტს ვაჟა კურტანიძეს ხალხი მიუგზავნა და დაემუქრა, რომ თუ პარტიის მხარდამჭერ საქმიანობას არ შეწყვეტს, მას გლდანის ციხეში გაამწესებენ. ამასთან, მსგავსი მუქარები ადგილობრივი ხელისუფლების და კუდ-ის კახეთის სამმართველოს თანამშრომლების მხრიდან განხორციელდა პარტიის სხვა აქტივისტებზეც, სოფლებში ვეჯინსა და ბაკურციხეში“, - განაცხადა მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ გურჯაანის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შმაგი გადაბაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, რაც უფრო მოახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ზეწოლის ფაქტები მითუფრო გახშირდება.
ნოღაიდელის პარტიის გურჯაანის ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებებს არ ადასტურებს ვაჟა კურტანიძე. „პარტიის წევრი საერთოდ არ ვარ. არც ზეწოლა ყოფილა ჩემზე და არ ვიცი რას ამბობენ ეგენი“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს კურტანიძემ.
|
|
|