კახეთის რეგიონში შიდსით დაავადებული 91 ადამიანია რეგისტრირებული. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო - პრაქტიკულ ცენტრში განუცხადეს, პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.
ოფიციალური მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო - პრაქტიკულ ცენტრში შიდსის ვირუსის ინფიცირების სულ 2243 შემთხევაა რეგისტრირებული. აქედან შიდსით 1671 მამაკაცი და 572 ქალი დაინფიცირდა. შიდსი განუვითარდა 1262 პაციენტს, ხოლო 482 გარდაიცვალა.
2010 წელს საქართველოში შიდსით დაინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
„შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, შიდსის რეგისტრირებული შემთხვევების უკან დგას დაახლოებით 4000-მდე არარეგისტრირებული შემთხვევა. ეს კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, საკმაოდ სოლიდური რიცხვია“, - განაცხადეს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო - პრაქტიკულ ცენტრში.
სპეციალისტების თქმით, შიდსის გავრცელების ძირითადი გზა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ინტრავენური ნარკომანიაა, თუმცა სულ უფრო იზრდება ჰეტეროსექსუალური კონტაქტებით ვირუსის გადაცემის შემთხვევები.
„საყურადღებოა აივ ინფიცირებულ ორსულ ქალთა და ახალშობილთა რაოდენობის მზარდი დინამიკა. აღნიშნულის გათვალისწინებით სახეზეა შიდსის ვირუსის რისკის ჯგუფის პირებიდან მოსახლეობის ფართო ფენებში გავრცელების ტენდენცია“, - აღნიშნეს შიდსის ცენტრში.