საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში, ახალი გამოთქმა გაჩნდა, ”შენ ხომ არ დაგაჯდა საზღვარგარეთ სწავლების ბუზი?” - რაც პირდაპირ თარგმანში, პოლიტიკური სიკვდილის ბუზს აღნიშნავს, არცთუ ძალიან ადრეულ პერიოდში, ”საზღვარგარეთ სასწავლებლად მივდივარო” - ღიად არავინ იტყოდა - მაინც არავინ დაიჯერებდა, დღეს ნაკლებად მნიშვნელოვანია დაიჯერებს თუ არა ვინმე, მთავარია რომ ვიგებთ - პოლიტიკურ ინკვიზიციას, საბედისწერო განაჩენი არ გამოუტანია, სისიხლის სამართლის საქმე არ აღიძვრება და გუშინდელი მინისტრი თუ სხვა ჩინოვნიკი კაბინეტიდან ციხეში ან შავ სიაში, არ მოხვდება, სხვათაშორის (გარკვეული პერიოდით მაინც) არც ოპოზიციაში წავა. საზღვარგარეთ სწავლების გზა, პირველად პოლიტიკურ ამინდთან გაიგივებულმა ინგა გრიგოლიამ გაჭრა, ისე საკმაოდ დიდი ხანია, რაც ნიკა გვარამიაზეც იგივეს ამბობდნენ, ჯერ კიდევ ზაფხულში ელოდნენ სწავლა მოწყურებული მინისტრის საზღვარგარეთ გამგზავრებას, თუმცა ოფიციალურმა განცხადებამ რამდენიემ თვით დაიგვიანა.
არსებული ვერსიით, მის გზას მალე კულტურის მინსტრი ნიკა რურუაც დაადგება და კულტურის დონეს ისიც ”მოუსავლეთად” ქცეულ საზღვარგარეთში აიმაღლებს. განათლების აწ უკვე ყოფილ მინისტრს პრეზიდენტი რომ შემოსწყრა და რატომღაც ამრეზით უყურებდა, ამას პოლიტიკურ წრეებში არ მალავენ და იმასაც ადასტურებენ, რომ მის კადრს, რომელიც მინისტრობის პერიოდში ამ უწყებაში მიიყვანა სამუშაოდ, თავისი უშუალო მითითებით ახსნევინებდა პრემიერ-მინისტრს. მოკლედ პროგნოზი ახდა და ნიკა გვარამიას პოლიტიკური წინსვლაც ცოტახნით (ან არც ისე ცოტა ხნით) შეწყდა. გვარამიას ოფიციალური ბიოგრაფია ასე გამოიყურება:
ნიკა გვარამია - დაიბადა 1976 წლის 29 ივნისს. 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ამავე წელს ჩააბარა ასპირანტურაში რომლის სრული კურსი დაამთავრა 2001 წელს.
2000-2003 წლებში იყო შ.პ.ს. საადვოკატო კომპანია "სანდოს" საჯარო სამართლის დირექტორი-ადვოკატი.
2003 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდა ს.ს. თელასის იურისტად.
2004-2007 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და პარალელურად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
2007 წლის აპრილიდან დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ.
2008 წლის 31 იანვარს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად, ხოლო 2008 წლის 6 დეკემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად.
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
ჰყავს მეუღლე და 2 შვილი - სანდრო და ქეთევანი
”ფართოდ განათლებული და ერუდირებული მინისტრი”
სხვათაშორის, გვარამიას არსებულ მთავრობაში, გამორჩეული ინტელექტუალის იმიჯი ჰქონდა, როგორც ჩანს ალღოც კარგი ჰქონია, რომელმაც დროულად გაუღვიძა სწავლისკენ მიდრეკილება და შეახსენა ”სადაც არა სჯობს - გაცლა სჯობსო” ახალი მინისტრის იმიჯის გაუმჯობესება კი დღეს პრემიერ მინსტრმა სცადა - ”ფართოდ განათლებული და ერუდირებული მინისტრი” ასე წარუდგინეს დღეს ხელიუსფლების წარმომადგენლებმა საზოგადოებას ადგილნაცვალი დიმიტრი შაშკინი, რომელსაც წინა თანამდებობაზე თუ პრინციპული ხასიათისა და მტკიცე მართვის გამოვლენა სჭირდებოდა, ამჯერად აქცენტი უფრო ჰუმანურობაზე, ბავშვების სიყვარულსა და განათლებულობაზე უნდა გააკეთოს. ხელისუფლების ახალი ფავორიტი დიმიტრი (დიმა - როგორც მას პრემიერი მოფერებით უწოდებს ხოლმე) შეშკინი, სულ 10 თვეა რაც ხელისუფლებაში მოვიდა და უკვე მინისტრის მეორე პორტფელი ჩაიბარა, მას დაწყებული რეფორმების დასრულება და (ბუნებრივია) განათლების სფეროს მოდერნიზება დაევალა, დიმიტრი შაშკინის ოფიციალური ბიოგრაფია ასე გამოიყურება:
დაიბადა 1975 წლის 8 აგვისტოს, ქ. თბილისში.
განათლება:
დაამთავრა ქ.თბილისის 52-ე საშუალო სკოლა.
1992-1993 წლებში სწავლობდა არისტოტელეს სახელობის ქართულ-ბერძნულ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე.
1993-1998 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1998 წელს.
სამუშაო გამოცდილება:
1992-93 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღაბის სამსახურში.
1996 წელს გახდა საქართველოს ჯარის უმცროსი ლეიტენანტი, ახალციხის სამხედრო ბაზაზე.
1997-98 წლებში მუშაობდა ამერიკის იურისტთა ასოციაციაში (ABA) დირექტორის თანაშემწედ. იღებდა მონაწილეობას საქართველოს სასამართლო რეფორმის მომზადებაში.
1998 წლიდან მუშაობს საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI), ჯერ საქართველოს პროგრამის კოორდინატორად, ხოლო 2001 წლიდან პოლიტიკური პროგრამების დირექტორად.
1998-2006 წლებში მონაწილეობას იღებდა ამერიკის შეერთებული შტატების, საქართველოში, უნგრეთში, ლატვიაში, რუსეთში, თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სხვადასხვა დონის საარჩევნო კამპანიების კონსალტინგში და მენეჯმენტში.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
რაც შეეხება თავად განათლების სისტემის რევოლუციურ ბიოგრაფიას, ბევრად უფრო მრავალფეროვანი, დრამატული და ამავე დროს კომიკურიც არის, ვინ აღარ ჩაიბარა საქართველოს მომავლის ბედი - წყალკანალიზაციის სპეციალისტიდან დაწყებულმა - ლიბერალური არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა ჩათვლით, ვარდების რევოლუციის შემდეგ ამ სისტემამ 5 მინისტრი გამოიცვალა და როგორც ვერსიის დონეზე გვითხრეს, არც დიმიტრი შაშკინი დარჩება ამ პოსტზე დიდხანს. პოლიტიკურ კულუარებში, საკამოდ დიდი ხანია რაც დიმა შაშკინის მიმართ პრეზიდეტნის განსაკუთრებულ სიმპათიებზე საუბრობენ და ისიც ითქვა, რომ მას პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის შემცვლელად ამზადებენ.
მინსტრი სავარძელში პირველად - გია თორთლაძეც მოხვდება
ვინ გახდება სასჯელარსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი? - დღეს ეს ყველაზე აქტუალური თემა იყო, რომელსაც სხვადასხვა დონზე და წრეებში განხილავდნენ, თუმცა მათგან კარგად ინფორმირებულებმა მშვენივრად იცოდნენ, რომ ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და ზედმეტი იმედების, ისევე როგორც ზედმეტი თეორიების აგება არ ღირს.
დეპუტატმა გია თორთლაძემ, არაერთხელ დაადსტურა, რომ თუ საჭიროა მას შეუძლია ”რომის პაპზე უფრო დიდი კათოლიკე გახდეს” ეს კი არაერთხელ გახდა საჭირო განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ზღვარ გადასულმა ნორჩმა ოპოზიციონერებმა, ხელისუფლებასთან ალიასნში (მაშინ ჯერ მხოლოდ) ეჭვმიტანილ ოპოზიციონერ დეპუტატს, წიხლი უთავაზეს და რამის ერთი ”ლატოკი” კვერცხი გააყოლეს მის განაწყენებულ ნაბიჯერბს.
მას შემდეგ, ამბობენ თორთლაძე ”პირადად დაიბოღმა” და პოლიტიკური ასპექტები და ნიუანსები მეორე ხაზზე გადავიდა. სამაგიეროდ, თორთლაძეს კვლავაც ოპოზიციონერის სტატუსი აქვს და ხელისუფლებასაც დიდად სიამოვნებს, მისი სახით ოპოზიციას რომ აქებს, ამასთან, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდეტნი ე.წ. ”ოპოზიციონერს” მხოლოდ ევროპისა და ამერიკის თვალის ასახვევად და გულის მოსაგებად კი არა - გულწრფელად აქვებს და თვითონაც უხარია.
მოკლედ განაწყენებული და ნაქები თორთლაძის დაწინაურების დრო დადგა! ბოლოსდაბოლოს, იმის დროც დადგა, კოალიციური მთავრობა შედგეს და მასში ოპოზიციის წარმომადგენლებიც გაერივნენ, მერე რა თუ საქართველოში ამას არავინ ”ჭამს” სამაგიეროდ ხელისუფლებისა და ოპოზიციის თანამშრომლობის წარმატებულ ნიმუშად დასახელდება და სხვა ოპოზიციონერებისთვისაც კლასიკურ ნიმუშად გამოდგება - ”აი როგორი დაფასებული უნდა იყოს გონიერი ოპოზიცონერი” პოლიტიკურ კულუარებში, მართალია სხვა ვერსიებიც მოვისმენეთ, მაგრამ მათა მარტივი უმრაველსობა აცხადებს, რომ თორთლაძის დანიშვნა თითქმის ბოლომდე არის გადაწყვეტილიო
კარუსელზე სავარძლები სათითოდ ჰკიდია
სამთავრობო კარუსელმა, ტოლმის და გუფთის არიყოს, ჩვეული ”პლაში” გაიხადა, მაგრამ დაკვირვებული თვალი მაინც სცნობს რომ ეს ისევ ის არის - ვარდების ხელისუფლების ასე საყვარელი კარუსელი.
თუმცა მისი დატრიალება კატაობას და კაი ცხოვრებას ყველასთვის არ ნიშნავს. არსებული ინფორმაციით, სასწვალებლად ევროპაში მალე კულტურისა და სპორტის მინსიტრ - ნიკა რურუას გაამგზავრებენ, ბოლოსდაბოლოს ასრულდება რამის ნოსტრადამუსის დროინდელი წინასწარმეტყველება და ჯანდაცვის მინისტრ ლადო კვიტაშვილსაც გადასცემენ რომელიმე ქვეყნის ვიზას, (რითი დაკავდება იქ - ჯერ-ჯერობით არ კონკრეტდება)
არსებული ინფორმაციით, ეკონომიკის განვითარების ახალ მინისტრ ზურაბ პოლოლიკაშვილსაც მალე შეცვლიან, თუმცა იმდენად ახალი ჩამოსულია ესპანეთიდან, შორს აღარ გაუშვებენ და სხვა სავარძელში გადასვავენ - პოლოლიკაშვილი ჯერი კიდევ სჭირდება სამშობლოს!.
ძირითადი ცვლიელებები ახალი წლის შემდგომ, ”სამთავრობო პახმელიაზე” გამოსასვლელად არის დაგეგმილი. თუმცა არაპროგნოზირებადი ხელისუფლების პირობებში, შესაძლოა არც ახალ წელს დაუცადონ და მთლიანი ”კარუსელის” ნაცვლად, მინისტრები სულ ცალ-ცალკე - სავარძლებით ჩამოატარონ, (ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ხუმრობაც გაჩნდა, საქართველოში მინისტრები ჩადგმით კი არა ჩამოტარებით არიანო) ასე ადვილია - პარლამენტის ჩარევა არ ხდება საჭირო და არც კანდიდატების შერჩევა ხდება საყოველთაო განსჯის საკითხი - ფაქტის წინაშე დაყენების პოლიტიკა აშკარად შოკის მომგვრელი, საინტერესო და ეფექტურია, რაც მთავარია, უტყუარად ამართლებს კიდეც!
ლევან ქენქაძე