ოპოზიციის ნაწილმა საპროტესტო აქტივობის განახლების თარიღი დაასახელა 7 ნოემბერი – ახალი საპროტესტო ტალღის აგორებას, ზუსტად სიმბოლური 7 ნოემრიდან აპირებენ. თუმცა ამჯერად ოპოზიცია ერთსულოვანი არ არის, და აპრილის აქციების შემდეგ საზოგადოებასაც უფრო მეტი საპრეტენზიო დაუგროვდა. ვინ ვისათან არის და რა მოხდება ნოემბერში - ამ საკითხებზე, ”ფაქტი” ტრადიციონალისტთა ლიდერს, აკაკი ასათიანს ესაუბრება.
- ბატონო აკაკი, ამ ბოლო დროს ოპოზიცია გააქტიურებას ცდილობს, როგორც ცნობილია, კონსულტაციებიც უფრო ინტენსიურად იმართება, რომელია ყველაზე აქტუალური საკითხები, რომელიც ოპოზიციურ შეკრებების ძირითდი განიხილვის თემაა?
- დღეს ძირითადად ორ რამეზეა საუბარი, არჩევნებში მონაწილეობა თუ შეურიგებელი მოქმედება. არის მესამეც, რომელსაც ფორუმელები მიეკუთვნებიან, მათ თავისი გეგმა აქვთ და უნდათ, პარალელური სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოყალიბების გზით ვიაროთ.
- მესამე გზა არჩევნებში მონაწილეობას ”უშვებს”?
- ფორუმელები არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ. ჩანს, უფრო ბურჯანაძისკენ იხრებიან. ერთი ნაწილი, მაგალითად, ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, ოქრუაშვილის პარტია ბესელიას სახით, მგონი, სალომე ზურაბიშვილიც ფორუმელების იდეას მხარს უჭერენ, არჩევნები მონაწილეობას გამორიცხავენ და შეურიგებელ ფრონტზე ლაპარაკობენ.
- არჩევნებში არმონაწილეობის გარდა, კიდევ რას ნიშნავს “შეურიგებელი ფრონტი?”
- რა არის ეს შეურიგებელი ფრონტი, ვერ გეტყვით... რაც შეეხება ალასანიასა და, როგორც ვიცი, კობა დავითაშვილიც ამ აზრისაა, არჩევნების დანიშვნაზე და გამარჯვებაზე არიან კონცენტრირებულნი.
- თქვენ რომელ პოზიციას იზიარებთ, ანუ უფრო დიდი შანსი სად არის რომ გაერთიანდეთ?
- ვერ გეტყვით, მეც მათთან ვიქნები-მეთქი, მაგრამ ალასანია-დავითაშვილის აზრს ვიზიარებ და ვეთანხმები კიდეც. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილების მიღება, თუმცა წინა საარჩევნო ცვლილებებიც აუცილებელია. ხელისუფლებას თბილისი უნდა წავართვათ.
- ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, საკუთარ პოზიციას საკმაოდ მყარად ასაბუტებენ - ამ ხელისუფლებისა და საარჩევნო გარემოს პირობებში, არჩევნები მაინც გაყალბდება და შესაბამისად აზრი არა აქვს მასში მონაწილეობის მიღებას.
- ეს ასე არ არის. აზრი ნამდვილად აქვს. შარშან, სწორედ იგივე პირობებში, რაც დღესაა, სააკაშვილმა თბილისში 150 000 ხმა მიიღო, გაჩეჩილაძემ კი 200 000. ადგილობრივი არჩევნები, სხვა არჩევნებს, თუნდაც საპრეზიდენტოს იმიტომ სჯობს, რომ რეალურ აჩევანს, რეგიონებში გაყალბებები არ გადაფარავს. თუმცა, ვიმეორებ, აუცილებელია საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება. საჭიროა, ოპოზიციამ ყველგან მოსინჯოს ძალები. კარგია, არჩევნებში მონაწილეობის მიღება. როგორც ვიცი, კანდიდატურა ჯერ მხოლოდ ალასანიამ წამოაყენა, რა თქმა უნდა, სჯობს, ოპოზიცია არ დაიშალოს და ერთ კანდიდატურაზე გაჩერდეს.
- ერთი ნაწილი არჩევნებზე მიდის, მორე ნაწილს კი ფაქტია, რომ მხოლოდ ქუჩა დარჩა, როდიდან უნდა ველოდოთ ახალ საპორტესტო ტალღას თბილისის ქუჩებში?
- ოპოზიციის ნაწილი, რომელიც შეურიგებელ ფრონტს ამჯობინებს, აქციების დაწყებას 7 ნოემბრისათვის გეგმავს, ოღონდ არა პერმანენტულს, არამედ პერიოდულს. თუმცა, ალბათ სტრატეგიას შეცვლიან, რადაგან წინა აქციების დროს, შეცდომა ბევრი იყო და ეს თავად აქციების ორგანიზატორებმაც დაინახეს.
- თუ შეიძლება დაგვიკონკრეტეთ, რა შეცდომებზეა საუბარი? დღევანდელი გადმოსახედიდან, როგორ ფიქრობთ, რა იყო ოპოზიციის ძირითადი შეცდომა?
- საზოგადოებამ არ იცოდა, რა იქნებოდა სააკაშვილის წასვლის შემდეგ. როდესაც ხალხს რაღაცას პირდები, ისიც უნდა თქვა, რა მოხდება ამ დაპირების შესრულების შემთხვევაში. ვთქვათ, სააკაშვილს ,,თავში დაარტყა” და წავიდა, რა მოხდებოდა? დაინიშნებოდა არჩევნები და ვიღაც იგივე სისტემის პირობებში გაიმარჯვებდა. რა თქმა უნდა, თვენახევარში სისტემის შეცვლა შეუძლებელია და იმისი ყურება მოგვიწევდა, რამდენიმე ნაწილად დაშლილი ოპოზიცია თუ როგორ დაუპირისპირდებოდა ერთმანეთს. ჯერ უნდა შევთანხმებულიყავით, რომ საჭიროა, იმის ნათლად გარკვევა, თუ რა სახელმწიფო სისტემა იქნებოდა სააკაშვილის შემდეგ. ერთპიროვნული მმართველობის შანსიც კი უნდა გამოგვერიცხა. საქმე კაცში კი არა, სისტემაშია და სანამ ოპოზიცია ამას არ გაიგებს, არაფერი შეიცვლება.
- ოპოზიციაზე როგორც განყენებულ ძალაზე ისე საუბრობთ, თქვენც მონაწილეობდით ამ აქციებში და სავარაუდოდ პირადად თქვენი შეცდომაც უნდა იყოს ამ ყველაფერში.
- პირადად მე არავითარი შეცდომა არ დამიშვია. თავიდანვე ვამბობდი, რომ საჭირო იყო ეროვნული კრება.…მაგრამ მაშინ მითხრეს, რომ ეგ სააკაშვილს ორი თვით გაუხანგრძლივებს დროსო და აგერ ორი თვე კი არა, ექვსიც გავიდა და მეტიც. ფაქტია, სააკაშვილი ისევ პრეზიდენტია...
- როგორ ფიქრობთ, საზოგადოებამ ქუჩის აქციების მიმართ ნდობა ხომ არ დაკარგა? აქციების გაგრძელების შემთხვევაში ოპოზიცია შეძლებს მათ გარეთ გამოყვანას?
- არა, ნდობა არ დაკარგულა. გაზაფხულზეც ასე გვეგონა და სტადიონზე რამდენი ადამიანი მოვიდა, კარგად მოგეხსენებათ. საზოგადოებაში ჯერ არ გადაჭრილა ის პრობლემები, რის გამოც საზოგადოება ხელისუფლებისაკენ გადავიდოდა. მართალია ცოტა გული აუცრუვდათ ოპოზიციის პოლიტიკის ბუნდოვანების გამო, მაგრამ ოპოზიცია მუშაობს ამაზე და იმედი მაქვს, უფრო დაკონკრეტდებიან. როცა ხალხს რაღაცას პირდები, უნდა აასრულო კიდეც. მარტო სააკაშვილის წასვლა კი არ უნდა მოითხოვო... იმაზეც უნდა ისაუბრო, მერე რა იქნება.
- ნინო ბურჯანაძე ოპოზიციას ახალი გაერთიანებისაკენ მოუწოდებს, რამდენად პერსპექტიულია ეს მოწოდება და თქვენ თუ აპირებთ, შეუერთდეთ მას?
- არ ვაპირებ მსგავსი ნაბიჯის გადადგმას. გაზაფხულზე მე ისეთ აქციაში ვმონაწილებდი, რომლის მიზანი ბოლოს გაურკვეველი აღმოჩნდა. ოპოზიციის მიზანი არ უნდა იყოს სააკაშვილი, მთავარი მიზანი საქართველოს გადარჩენაა. სააკაშვილის წასვლა ერთ-ერთი კომპრომატი უნდა ყოფილიყო და არა მთავარი. იმას არ უნდა ველოდოთ, სააკაშვილი როდის დაკარგავს ტერიტორიებს, რომ ნიშნის მოგებით თითის ქნევა დავუწყოთ. მსგავსი რამ ნებისმიერს შეიძლება დაემართოს. მთავარი პრობლემები ისევ გადაუჭრელია: მედია, სასამართლო, საზოგადოება და ა.შ.… გაერთიანებას არავისთან ვაპირებთ. კონსტანტინე გამსახურდიას პარტიასთან გვაქვს ურთიერთობა, თუმცა შეერთებით არავის შევუერთდებით. რაშიც დაემთხვევა ჩვენი შეხედულებები - მხარს დავუჭერთ და მონაწილეობას მივიღებთ, ხოლო რაც უშედეგოდ მიგვაჩნია, არ შევუერთდები არანაირად.
- არასაპარლამენტო ოპოზიციამ უშიშროების სხდომაზე დასწრებაზე უარი თქვა. დაესწარით მხოლოდ თქვენ და ბატონი სანდრო ბრეგაძე. თქვენი კოლეგების პროტესტის მიზეზი, თქვენთვის არადამაჯერებელი იყო?
- უშიშროების მეორე სხდომაზე იმიტომ ვიყავი, რომ ამ შემთხვევაში დაპირისპირება არ ღირდა. საუბარი იყო ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე და ვერ ვხვდები, საპროტესტო რა იყო.
- თუმცა ბოლო დროს პრეზიდენტი თქვენს მიმართ პოზიტიურ გამოთქმებს არ იშურებს, გაჩნდა ეჭვიც, რომ ხელისუფლება ტქვენს მოსყიდვას ცდილობს.
- რას ცდილობს ვერ გეტყვით, მაგრამ ის, რომ ამ სხდომას ვესწრებოდი, არანაირად არ ნიშნავს, თითქოს ხელისუფლებამ მომისყიდა. რაზე უნდა მოვესყიდე?
- ოპოზიციამ პროტესტის მიზეზებიც დაასახელა (ხელისუფლება დაპირებებს არ ასრულებს, ოპოზიციას მხოლოდ ფორმალურად მსოფლიოსთვის ”თვალში ნაცრის შესაყრელად” ხვდება და ა.შ). არ იზიარებთ ამ მიზეზებს?
- ოპოზიციის მიზეზებს ვიზიარებ, მაგრამ ეს სხვა თემაა და ოკუპირებული ტერიტორიები სხვა. არ შეიძლება, ფეხბურთის ნაკრებს რეგბის თამაში მოვთხოვოთ.
- ბატონო აკაკი, ხელისუფლება დიდი ხნის მანძილზე ამტკიცებდა, რომ ოპოზიციის ნაწილი რუსეთთან იყო გარიგებული, ნაწილი კი სააკაშვილთან, ჰქონდა საფუძველი ჰქონდა მსგავსი ინფორმაციების გავრცელებას?
- აუწყვიათ საქმე და ეგ არის (იცინის). გეტყვით რაშია საქმე - ეს ძალზე მარტივია. ოპოზიციას რუსეთთან გარიგება რომ ჰქონოდა, რა თქმა უნდა, მათ ამის სანაცვლოდ რამე უნდა ექნათ. თუ ოპოზიცია მოქმედებას გაამწვავებდა და დარბევა დაიწყებოდა, ლავროვი ამბობდა, რომ საქართველოში შემოვიდოდა. აქედან ჩანს, გარიგება არ ყოფილა. ეს რომ ასე ყოფილიყო, ოპოზიცია შეტაკებებისაგან თავს არ შეიკავებდა. ისინი კი ასე არ მოქცეულან. ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობდა აქციების მშვიდობიანი ფორმის შენარჩუნებას. იქნებ, ვინმეს კავშირი ჰქონდა კიდეც, მაგრამ ან მე არ ვიცი და ან მართლაც არ ყოფილა.
ერთი კი ცხადია, მე არავისთან ვყოფილვარ გარიგებული. ხოლო, თუ ოპოზიციამ რუსეთს ფული გამოართვა და არაფერი გააკეთა, ღმერთმა გაახაროთ. მსგავსი ინფორმაციების გავრცელება ხელისუფლებას აწყობდა. უშიშროების სხდომაზე კი სააკაშვილმა თავისი სიტყვები უკან წაიღო. როდესაც მე და ალასანიამ ვკითხეთ, თუ შპიონებად გვთვლიდნენ, იქ რას ვაკეთებდით, თქვა, რომ ეს ასე არ არის და მსგავსი მკვეთრი განცხადებებისაგან თავი უნდა შეიკავოს ყველამ. რაც შეეხება სააკაშვილთან გარიგებას, რაღაც არა მგონია, ხელისუფლება და ოპოზიცია გარიგებული ყოფილიყო. მართალია, მეც მესმის მსგავსი ჭორები, მაგრამ დასაბუთებით ვერაფერს გეტყვით.
მაია გულისაშვილი